მიხეილ სააკაშვილი ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მიესალმება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მიესალმება. პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ მეგრული კულტურა მრავალფეროვანი ქართული კულტურის საინტერესო და მომხიბლავი ნაწილია.
"მეგრული სიმღერის ფესტივალს, რომელიც წელს უკვე მეხუთედ იმართება, წლიდან წლამდე საყოველთაო ინტერესი არ აკლდება. მეტიც, ის საერთაშიორისო მნიშვნელობას იძენს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ჩინებული მაგალითია", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
მიხეილ სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ფესტივალი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს აქტიურად ეხმაურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს გამთლიანებასა და გაძლიერებაში.
"გულითადად მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ფესტივალს, სამეგრელოს მოსახლეობას, ფესტივალის სტუმრებსა და მის ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას იმ დამსახურებისთვის, რომელიც თითოეულ თქვენგანს მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი 16, 17, 18 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ფოლკლორს, ხელოვნებას, ზოგადად კულტურას. ფესტივალს ეყოლება 1500-მდე მოწვეული სტუმარი, ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.

























