08.09.2011
"რუსთავი 2"-მა ჩვენი ერთი ფოტო შეცვალა!" - ახალგაზრდა იურისტები "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან
"თხილის სეზონზე" უპასპორტო გალელებზე ნადირობა დაიწყო?!
ზურაბ აბაშიძე - "სამართლებრივად სასტუმრო სახლი "თბილისი" მოსკოვში არც არასოდეს ყოფილა ჩვენი, თუმცა მისი გაყიდვა არ შეესაბამება არანაირ კანონიერ ნორმებს"
* * *
"რუსთავი 2"-მა ჩვენი ერთი ფოტო შეცვალა!" - ახალგაზრდა იურისტები "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რა ექსპერტული ბიუროებიც არ უნდა მოიყვანოს და შეეცადოს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ყველას გვესმის, რომ ეს ტყუილია. შეეძლოთ მოეძიებინათ დოკუმენტები, ენახათ ჩვენებები და კონსულტაციები გაევლოთ შს სამინისტროსთან. ამის მაგივრად საჯარო პრესკონფერენცია გამართეს, რომლის შემდეგაც გამოდის რესპუბლიკური პარტია და ამბობს, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის ორგანიზებული დაფარვის მცდელობაა. ამდენი ტყუილი ერთად შეუძლებელია. რესპუბლიკური პარტიისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ რესპექტაბელური იყოს, წინასწარ დადგმულ ტყუილში მონაწილეობს, ძალიან არასერიოზულია", - აცხადებს გოკა გაბაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ახალგაზრდა იურისტები გოკა გაბაშვილს სასამართლოში უჩივიან / გოკა გაბაშვილი: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოდიში მომიხადოს!"
"ბრიტანელებს რა უჩვენეს, არ ვიცი. მე ვიცი ერთი რამ: ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აშკარა ტყუილსა და თაღლითობას იყენებს იმისთვის, რომ ცილი დასწამოს ხელისუფლებას რაღაცაში და ამას ორ საათში იყენებს პარტია, რომელთანაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ არის დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ ისინი ჩართვნენ პოლიტიკურ თამაშში და საღი აზრის განცდა დაკარგეს. არანაირად სარჩელის შეტანასა და საქმის გარჩევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არ ვაპირებ. თუ სარჩელი შეიტანეს, არ ვიცი, ამ სარჩელით რას უნდა მიაღწიონ. კიდევ ერთხელ ვთავაზობ, თავისი რეპუტაცია აღადგინონ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ იმ ტყუილისთვის, რაც ყველა საინფორმაციო საშუალებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტყუილია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოკა გაბაშვილი.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ტელეკომპანიების წინააღმდეგ მაუწყებლების თვითმარეგულირებელ კომისიაში შეიტანს. საია ტელეკომპანიებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ის "რუსთავი 2"-ს არაზუსტი ფოტოების გავრცელებაშიც ადანაშაულებს - საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, "რუსთავი 2"-მა ერთი ფოტო რაღაც სხვა ფოტოთი ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საია: "რუსთავი 2"-მა ჩვენი ერთი ფოტო შეცვალა / ახალგაზრდა იურისტები "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან.
"საიას მტკიცებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ფოტო (სადაც პირი ლურჯი ფერის პერანგითაა შემოსილი) საიას საერთოდ არ ჰქონია და შესაბამისად, მას ვერც ტელევიზიას გაუგზავნიდნენ. "რუსთავი 2"-ში კი ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ის ფოტომასალა გაავრცელეს, რაც საიას პრესკონფერენციის დროს გადასცეს. ჩუგოშვილის თქმით, მათ ფაქტის დამახინჯების მაგალითი წარსულშიც ჰქონდათ და მაშინ "ტელეიმედი" იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ახლაც ასე მოხდება და "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს ამჟამადაც მოუწევთ აღიარება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"არსებობს ეთიკის საბჭო და სასამართლო და საიას შეუძლია მას მიმართოს. მე არ მიმაჩნია, რომ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ. რაც შეეხება ფოტოებს, რაც მათ მოგვაწოდეს, ის გავავრცელეთ, რა ფოტომასალაც პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს, ის ვაჩვენეთ. გადახედეთ მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, შეადარეთ "კურიერში" გასულ სიუჟეტს და იპოვეთ ათი განსხვავება. ეჭვი მაქვს, რომ ვერც ერთს ვერ იპოვით", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი. ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე კი აცხადებს, რომ საიას ამ გაცხადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და საიას სრული უფლება აქვს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს", - დასძენს გამოცემა.
"აღსანიშნავია, რომ საია სასამართლოში სარჩელის შეტანას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგაც გეგმავს. საია გოკა გაბაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი იყო გოკა გაბაშვილის მიერ 6 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, როდესაც მან კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: "ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავს ობიექტურობაზე დებს, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს". გაბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საიას ბოდიშის მოხდა მოუწევს", - წერს სტატიის ავტორი.
"პირველ რიგში, ჩვენ სარჩელის შეტანას "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" წინააღმდეგ ვაპირებთ. იმიტომ რომ მათ სიუჟეტებში არასწორი ინფორმაცია იყო გასული. მასში დამახინჯებული ფაქტები იყო გამოყენებული. კერძოდ, თითქოს ექსპერტიზა ჩვენ თვითონ ჩავატარეთ და დასკვნები ჩვენ მიერ იყო გაკეთებული და თითქოს რაღაც დებულებების ფალსიფიცირებას ვაკეთებდით, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო. საიას არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად, არავითარი დასკვნები არ წარუდგენია საზოგადოებისთვის. რა დასკვნაც ბრიტანელმა ექსპერტებმა დაწერეს, ჩვენ იმის პრეზენტაცია გავაკეთეთ. "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში ფოტოებიც არასწორად იყო გამოყენებული. ჩვენ მათ სხვა ფოტოები გავუგზავნეთ და ექსპერტიზის დასკვნაში ძალიან ცხადად ეწერა, რაც გამოვაქვეყნეთ, თუმცა "რუსთავი 2"-მა ერთი ფოტო ჩაანაცვლა და ამ ჩანაცვლების შემდეგ სრულიად გაუგებარი დასკვნა გამოიტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის იმის საფუძველი, რომ საჩივარი შევიტანოთ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ამის გაკეთებას ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილი.
"ჩვენ ტელევიზიების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში არ შევიტანთ. არსებობს მარეგულირებელი კომისია და სარჩელის შეტანას იქ ვაპირებთ და მოვითხოვთ, რომ "რუსთავი 2"-მაც და "იმედმაც" სიუჟეტის შინაარსი შეცვალონ, უფრო სწორად, თქვან, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. კანონმდებლობა ტელევიზიის მხრიდან ბოდიშის მოხდის შესაძლებლობას არ იძლევა. მაგრამ მოვითხოვთ, რომ ეთერი დაგვითმონ და თქვან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს... რაც შეეხება გოკა გაბაშვილის კომენტარს, ეს იყო ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ თითქოს ფაქტის ფალსიფიცირებას ვაკეთებდით, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. თუმცა ამაზე კონსულტაციებს კვლავ ვგეგმავთ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მოგვიღია", - დასძენს თამარ ჩუგოშვილი.
"თხილის სეზონზე" უპასპორტო გალელებზე ნადირობა დაიწყო?!
"აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განცხადებით, არჩევნების შემდეგ გალის რაიონში აფხაზური პასპორტების არმქონე პირებს მასობრივად აკავებენ. იგივე ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო "პირველიც". "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რადგანაც ახლა თხილის სეზონი დაიწყო, შარშანდელის მსგავსად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში რუსი მესაზღვრეები გამკაცრდნენ და ხშირად აჯარიმებენ გალიდან ზუგდიდისკენ ჩუმად გადამსვლელ ხალხს. ცნობისთვის, ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხშირად აკეთებდა აქცენტს, რომ დე ფაქტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობას პასპორტების არქონის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა და ადგილობრივ ქართველებს მოუწოდებდა, აფხაზური პასპორტები "არჩევნებამდე" აეღოთ - სწორედ ამ წინასაარჩევნო განცხადებას უკავშირებს ამ მასობრივ დაკავებას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "თხილის სეზონზე" უპასპორტო გალელებზე ნადირობა დაიწყო / "ქართულ ფულზე 60 ლარია გადასახდელი ან 15-დღიანი პატიმრობა".
"არჩევნების შემდეგ ცალსახაა, რომ გალში საგრძნობლად გამკაცრდა მოთხოვნები - როგორც გადაადგილებაზე, ასევე პირად დოკუმენტაციაზე. ასევე მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენული ფონი. არის ქართველების დაკავების ბევრი შემთხვევა. მოსახლეობა იდევნება როგორც აფხაზი სეპარატისტების, ისე რუსი სამხედროების მხრიდან. ზოგიერთ სოფლებში ადგილობრივი გამგებლების მხრიდან გაისმა მუქარა, რომ ვისაც პირადობის დამადასტურებელი აფხაზური საბუთები არ ექნებათ, მათ გალის ტერიტორია უნდა დატოვონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე კილანავა.
"აფხაზები ამბობენ, რომ აუცილებელია პასპორტები გქონდეთო. დაჭერები მიდის და ჯარიმებს ახდევინებენ ხალხს, ახლა მოხშირდა ეს დაჭერები, იმიტომ რომ თხილის სეზონი დაიწყო და ზუგდიდის მხარეს ბევრი ცდილობს გადაიტანოს გასაყიდად მოსავალი. პირველ დაჭერაზე ჯარიმა 1200 რუბლია (დაახლოებით 60 ლარი), მეორეზეც იგივე თანხაა, მესამეზე კი ორმაგდება. პასპორტი აქვს თუ არ აქვს, ყველა შემოვლითი გზებით დადის და თუკი მესაზღვრე დაინახავს, აფხაზური პასპორტი არ უშველის, მაინც დაიჭერენ - ისინი ამბობენ, ენგურის ხიდით, ჭუბურხინჯით იარეთ, ვიზა აიღეთ, პრობლემა არ არისო. მაგრამ იქ მისვლამდე სამი-ოთხი სოფელი უნდა გაიარო და გზას ვინ გაიგრძელებს, როცა აგერ, ოტობაია-ორსანტიის საზღვარი ყურის ძირშია? ჩუმად, შემოვლითი გზებით ხალხი ასე თუ ისე მაინც ახერხებს მიმოსვლას. მაგრამ არის შემთხვევები, როცა რუსები იჭერენ. მით უმეტეს ახლა, თხილის სეზონზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას გალის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონი.
"პასპორტი გალში ძალიან ბევრს აქვს აღებული. უფრო იმიტომ, რომ დაცულად იგრძნონ თავი. თანაც ამ პასპორტით სოხუმსა და ოჩამჩირეში დადიან თავისუფლად. ანქვაბის არჩევის მერე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. არ ვიცი შემდეგ რა იქნება. ერთადერთი, რაზეც მკაცრი გაფრთხილება მივიღეთ, ის იყო, რომ აფხაზური პასპორტის მქონე ყველა ქართველი უნდა წავსულიყავით არჩევნებზე. პასპორტში მე-17 გვერდზე რაღაც "პეჩატი" დააკრეს. არც მე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ როცა ეს მითხრეს, ბეჭედს სვამენო, წავედი", - ამბობს ოტობაიას ერთ-ერთი მცხოვრები.
"სახლში არავინ შემოგივარდება - პასპორტი მაჩვენეო, პასპორტების მოთხოვნა ძირითადად ე.წ. საზღვრის გადალახვისას ხდება. საუბარია იმაზე, რომ სკოლის ყველა მასწავლებელმა უნდა აიღოს აფხაზური პასპორტი, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია ჯერჯერობით და პროცესი მასობრივად არ დაწყებულა. დღეს ბევრი იღებს აფხაზურ პასპორტს. ბევრი თავად იხდის რაღაც თანხას, რომ აქაური პასპორტი აიღოს. ჩემი ახლობელი 1000 ლარს იხდიდა პასპორტის გაკეთებაში, რომ მერე რუსეთში მარტივად გადასულიყო, მაგრამ ვერ აიღო, აფხაზებმა არ მისცეს. გალელებზე მაინდამაინც აქტიურად არ იძლევიან პასპორტებს, რიგში უნდა დადგე, რიგები კი დიდია და თან სწრაფად არ კეთდება ეს საბუთი. გალელ ქართველებს ძირითადად სპეციალური დოკუმენტი აქვთ, ნებართვის ქაღალდს ეძახიან. პასპორტის აღებაზე ერთი პერიოდი იყო ძალდატანება აფხაზების მხრიდან, მეგრამ მერე, როგორც კი ხალხი მოაწყდა, შეაჩერეს. ვისაც პასპორტი აქვს, ის რუსულ პენსიას იღებს, ქართულ ფულზე 20 ლარამდე იქნება, ასევე არის რაღაც სოციალური დახმარებებიც, შეუძლია აფხაზურ ადმინისტრაციაში მუშაობაც და მთელ აფხაზეთში შეუძლია მარტივად გადაადგილდეს", - დასძენს "რეზონანსის" წყარო.
ზურაბ აბაშიძე - "სამართლებრივად სასტუმრო სახლი "თბილისი" მოსკოვში არც არასოდეს ყოფილა ჩვენი, თუმცა მისი გაყიდვა არ შეესაბამება არანაირ კანონიერ ნორმებს"
"სასტუმრო სახლი "თბილისი" მოსკოვში 1970-იან წლებში აშენდა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და საქართველოს მინისტრთა საბჭოს საკუთრება იყო. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, დაიწყო დავა სხვადასხვა ობიექტებთან დაკავშირებით, შეიქმნა მთავრობათაშორისი რუსულ-ქართული კომისია, რომელიც ამ სადავო ობიექტების საკითხს განიხილავდა. ასეთი რამდენიმე იყო რუსეთში, რასაც მივიჩნევდით, რომ ჩვენი საკუთრებაა. ასევე მიაჩნდათ რუსებსაც, რომ საქართველოში რამდენიმე ობიექტი მათი საკუთრება იყო. ჩვენ ყველაზე მეტი პრეტენზია და საკმაოდ არგუმენტირებული, ამ სასტუმროსთან დაკავშირებით გვქონდა. ხელში გვეჭირა დოკუმენტაცია, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტით აშენდა, თუმცა საბოლოოდ დადასტურებული დოკუმენტი რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენ ამ პრეტენზიას გვიდასტურებდნენ, ხელთ არ გვქონია", - აცხადებს სქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოშიც არის უძრავი ქონება, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს" / რატომ გაიყიდა მოსკოვში სასტუმრო სახლის "თბილისი" და როგორი იქნება ამაზე საქართველოს პასუხი.
"უსამართლობაა, დაუკითხავად ყიდდეს ვიღაც შენს საკუთრებას იმის გამო, რომ ცუდი პოლიტიკური ურთიერთობა გაქვს, ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. კუთვნილების საკითხი სასამართლომ უნდა გაარკვიოს და არა რომელიღაც სამინისტრომ. ვისია - ეს სამართლებრივად უნდა გადაწყდეს, მათ კი უკითხავად გაყიდეს. საკონსულოს კომუნალურ დავალიანებებზე ვერაფერს გეტყვით, 2004 წლის შემდეგ არაფერი ვიცი, რაც იქ ხდება. შენობა კი ნამდვილად არ არის ჩვენი საკუთრება, ნაქირავები შენობაა. ეს შენობა თავის დროზე მოსკოვის მერიამ გამოუყო საელჩოს საკმაოდ იაფად და თითქმის სიმბოლურ ფასს ვიხდიდით. ნელ-ნელა ფასს მოუმატეს, მერე იქიდან გამოსვლაც მოითხოვეს. სამართლებრივი კუთხით, შემიძლია გითხრათ, არც არასოდეს ყოფილა ჩვენი, თუმცა სასტუმრო სახლის გაყიდვა არ შეესაბამება არანაირ კანონიერ ნორმებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე,
"რად უნდა ამას ბევრი ძიება - პოლიტიკური ურიერთობაა ორ ქვეყანას შორის ცუდი და ეს ყველაფერი იმის შედეგია. სხვათა შორის, 2000-იან წლებში სულ ასე იყო - როგორც კი ურთიერთობა დაიძაბებოდა, მაშინვე ამ სასტუმროსთან დაკავშირებით კომისია გამოჩნდებოდა, ჩაწყნარდებოდა ვითარება - ისინიც გაუჩინარდებოდნენ. ვიმედოვნებ, ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც არ მიგვიყვანს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სრული გაწყვეტამდე", - დასძენს ზურაბ აბაშიძე და შეკითხვას - "რა უნდა იყოს ეს ნაბიჯები საქართველოს მხრიდან?" - პასუხობს:
"დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა დოზითა და მასშტაბით არის სამართებრივად იგნორირებული, რა დარღვევაა და ა.შ. საქართველოშიც არის უძრავი ქონება, რომელზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს. შესაძლოა, რამე ასიმეტრიული ნაბიჯი გადაიდგას და ვთქვათ, გაყიდონ ეს შენობა - როგორც გითხარით, ძალიან ბევრი დავის საგანი იყო, შეიძლება რაღაც ეტაპზე განახლდეს იმ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა - ეს უფრო ოპტიმისტური სცენარია".

























