მიხეილ სააკაშვილი კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სააკაშვილი კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ასევე, პოლონეთის განვითარების ტემპებზე და აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლოკომოტივია.

"პოლონეთის სანიმუშო მაგალითად და სტიმულად იქცა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფვიან, დღემდე სწამთ ევროპული ინტეგრაციის უდიდესი პროექტის და არ არიან ევროპისადმი ცინიკურად განწყობილი. ამ თვალსაზრისით, ფაქტია, რომ პოლონეთის ეკონომიკა გამართულად მუშაობს. ქვეყანა ეკონომიკური წინსვლისთვის რადიკალურ რეფორმებს მიმართავს, ჩვენც ვეუბნებით ხოლმე ჩვენ ხალხს, შეხედეთ, როგორ ხდება პოლონეთში. მათ ჩაატარეს რადიკალური რეფორმა 1990-იან წლებში და დღეს უკვე ასეთი შედეგი აქვთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, შვიდი წლის წინ საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო. სააკაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის მთავრობამ თითქმის ნულიდან დაიწყო სახელმწიფოს შენება და დღეს მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა გახდა.

"საქართველო, რომელიც კომუნისტური წარსულიდან შემორჩენილი ორგანიზებული დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა, ევროპული კვლევების თანახმად, დღეს უკვე უსაფრთხო ქვეყნის თვალსაზრისით, მეორე ადგილს იკავებს ისლანდიის შემდეგ. ამ მხრივ, ჩვენი დედაქალაქი ერთ-ერთი პირველია ევროპაში და წამყვან პოზიციაზეა უსაფრთხოების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო რომელიც ტოტალური კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, "Transparency International"-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე პროგრესულ ნაბიჯებს დგამს ამ სენისგან გასათავისუფლებლად.

"სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მათ შორის "გელაპის" მონაცემებით, 6 წლის წინათ ქართველთა 98 პროცენტი აღიარებდა, რომ კორუფციული გარიგებების გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრება. ახლა კი ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტზე უფრო დაბალია. ასე რომ, კორუფციის დამარცხება შევძელით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ დრამატული არჩევანი გააკეთა და სრულად შეცვალა პოლიციის სტრუქტურა, დაითხოვა ძველი კადრები, რის შემდეგაც სახელმწიფოს 3-4 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ჰყავდა პოლიცია.

"ეს გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ ისინი ტოტალურად დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი ნაწილი, რეალურად, მართლაც იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე. დღეს ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. წარმატებული აღმოჩნდა საბაჟო და საგადასახადო რეფორმები. როგორც ახლახანს გავლენიანმა გამოცემამ "ეკონომისტმა" პუბლიკაციაში აღნიშნა, საქართველოში "მენტალური რევოლუცია" მოხდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ასევე რუსულ ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს.