ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტი მიმდინარეობს

ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტი მიმდინარეობს

ბათუმში, პიაცას მოედანზე კრის ბოტისა და სტინგის კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გადაირიცხება.

კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. პიაცას მოედანზე სკამები 2500-ზე მეტი სტუმრისთვის განალაგეს. მათთვის კი, ვისაც კონცერტის ბილეთი არ შეხვდა, პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა დრამატულ თეატრთან, სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე შეეძლებათ.

თბილისის ეროვნული მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტმა და უცხოელმა შემსრულებლებმა რეპეტიცია პიაცაზე დამონტაჟებულ სცენაზე დღეს საღამოს გაიარეს.

კონცერტის ტრანსლაციას მხოლოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ახორციელებს. კონცერტის მსვლელობისას სპეციალურად გაითიშა სატელიტი და ინტერნეტ კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და საქართველოს ფარგლებს გარეთ სიგნალის გასვლა.

გადაღების საშუალება მიეცა მხოლოდ ოთხი არხის გადამღებ ჯგუფს, ისიც პირველი 3 წუთის განმავლობაში. კონცერტს ესწრება ერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ფოტომასალა ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის უნდა გაავრცელოს.