ბათუმში რიგით მეხუთე "ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" გაიმართება

ბათუმში რიგით მეხუთე "ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" გაიმართება

ბათუმში რიგით მეხუთე "ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" (Black Sea Jazz Festival) გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, რიგით მეხუთე "ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" 19-24 ივლისს გაიმართება. 6 დღის განმავლობაში 4 სცენაზე 11 ქვეყნის 21 ბენდი და 150–მდე მუსიკოსი წარსდგება მსმენელების წინაშე.

წლევანდელ ფესტივალს ესტუმრებიან სთენლი ჯორდანი ტრიოსთან ერთად, ლეგენდარული ჯგუფი "იელოუჯექეთსი", რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. "ლონდონ ქომუნითი გოსპელის" გუნდი, პოპის მეგა ვარსკვლავი მეისი გრეი, დიჯეი "ლოჯიქი".

ჯგუფი "მენ ინ ბრასი" კი სამი დღის განმავლობაში დღეში 5–ჯერ კონცერტებს ბათუმის ქუჩებში გამართავს.

კონცერტები ჩატარდება ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან).

წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, უფასო კონცერტებიც ჩატარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ. საფესტივალო დღეებში იქნება სპეციალური ადგილები, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სუვენირები ფესტივალის ლოგოთი.

ფესტივალის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, 14.00 საათზე "თბილისის ივენთ ჰოლში" პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორი მიშა გიორგაძე, გენერალური სპონსორის "საქართველოს ბანკისა" და ფესტივალის პარტნიორის ნავთობკომპანია"GULF"-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.