უზენაეს სასამართლოსთან დაკავებულ ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა, ექვსს კი ჯარიმა შეეფარდა

უზენაეს სასამართლოსთან დაკავებულ ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა, ექვსს კი ჯარიმა შეეფარდა

უზენაეს სასამართლოსთან გუშინ დაკავებული ათი პირიდან ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა, ექვსს კი ჯარიმა შეეფარდა.

"დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელს გენადი კეკელიას 25 დღიანი პატიმრობა. ამავე მოძრაობის წევრს ირაკლი ციკოლიას კი 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილ თანაშემწეს, ზვიად ხარებავას ძმას, გრიგოლ ხარებავას და ”ქართული პარტიის” წარმომადგენელს დავით კოჩიევს.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატს ადა მარშანიას, "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრს შოთა გლურჯიძეს, "ქართული პარტიის" წევრებს ქეთევან გოგინაშვილს და თენგიზ ღლონტს, ასევე, "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტს გოჩა ჩხაიძეს, აქციის კიდევ ერთ მონაწილეს მადონა გოგუას 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გოჩა ჩხაიძის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი გამთენიისას, 04:00 საათზე დასრულდა. მისივე თქმით, მოსამართლემ უარი თქვა ვიდეომასალის გამოკვლევაზე და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო. დაკავებულები მოსამართლემ ადმინისტრაციულ კანონდამრღვევებად ცნო წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციის მუშაკის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში.

უზენაეს სასამართლოსთან 4 აპრილს "წინააღმდეგობის მოძრაობის" ორგანიზებით აქცია "მე(ც) პატიმარი ვარ!" გაიმართა. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. ინციდენტის დროს აქციის 10 მონაწილე დააკავეს.