ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრის ადგილი ჯერ უცნობია

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრის ადგილი ჯერ უცნობია

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრის ადგილი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სტივ ბერდმა განუცხადა.

"ჯერ არ გადაწყვეტილა, სად გაიმართება მომდევნო შეხვედრა. ამის შესახებ შეთანხმება ჯერ არ არსებობს. მხარეებისგან, მათ შორის ქართული მხარისგან პასუხს ველოდებით და თუ ყველა მხარე თანახმა იქნება, შეხვედრა შესაძლოა, დვანში გაიმართოს. დეტალების შესათანხმებლად შესაძლოა, ერთი სამუშაო კვირა დაგვჭირდეს", - განაცხადა სტივ ბერდმა.

მისივე განმარტებით, მისიას არ დაუდასტურებია, რომ შეხვედრების ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ოსური მხარის პოზიციას მხარს უჭერს.

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების ერგნეთის ნაცვლად, დვანში გამართვის ინიციატივით გამოდის. ოსური მხარე აღნიშნული შეხვედრების ერგენთის ტერიტორიაზე გამართვის წინააღმდეგია იმის გამო, რომ ამ სოფელში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის კუთხე გაიხსნა და ამგვარად "ნატო-ს ზონად" გამოცხადდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეხვედრების სხვაგან გადატანის თაობაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოზიციას მხარი დაუჭირა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 7 აპრილისთვის, ერგნეთში იყო დაგეგმილი.