გორის თეატრში საქველმოქმედო აქცია "თეატრი თეატრისათვის" იმართება

გორის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო აქცია "თეატრი თეატრისათვის" გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორდან აცნობეს, გორის თეატრი ერთი თვის მანძილზე თეატრალურ დასებს უმასპინძლებს როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

დღეს გორის თეატრში სპექტაკლს ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს, 12 მარტს კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

მარტის ბოლომდე, გორის თეატრის სცენაზე, სპექტაკლებს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, ცხინვალის თეატრის, სამეფო უბნის თეატრის, პანტომიმის თეატრის, მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მესხეთის თეატრის, თავისუფალი თეატრის, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასები წარმოადგენენ.

თეატრალური აქცია 27 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა ტეატრმა გახსნა.

6 მარტს შალვა ერისთავის სახელობის გორის თეატრმა პრემიერა გამართა. პიესის "ყოფილების სარეცელის" ავტორი - ირაკლი სამსონაძეა, რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილი. მთავარ როლებს თაკო აბაშიძე და გიორგი რევაზიშვილი ასრულებდნენ.

აღნიშნული პროექტიდან შემოსული თანხა მთლიანად გორის თეატრის რეაბილიტაციას მოხმარდება.