პრეზიდენტი ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო

პრეზიდენტი ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნას დაესწრო და მას საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი უწოდა.

"ამ ახალი შენობის შემხედვარე აშკარაა, რომ აქ შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ მორიგი წარმატება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი წამით ვივიწყებთ, რამდენად წარუმატებელი პერიოდი უდგას მსოფლიო ეკონომიკას, რაც ძალიან სერიოზულად, "რიკოშეტით" აისახება ასევე საქართველოს ეკონომიკაზე, თითოეული ქართული ოჯახის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო კრიზისს "ეკონომიკური სტიქია" უწოდა და აღნიშნა, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება "გლობალური ეკონომიკური სტიქია", მოხერხდება თუ არა მისი "დაშოშმინება", თუ კიდევ უფრო აირევა ვითარება.

"ფაქტია, რომ მომავალი რამოდენიმე თვე არის მაღალი ეკონომიკური რისკების პერიოდი და ჩვენთვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე ამ რთულ პერიოდში ჩვენი ეკონომიკის დაცვაა. ცალკე აღებულ ჩვენს ქვეყანას არ გაგვაჩნია საკმარისი ბერკეტები, რათა ამ რთულ სიტუაციას გავუძლოთ", -განაცხადა პრეზიდენტმა.

ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა 9 ჰექტარზეა გაშენებული. სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი 650 სატვირთო ავტომანქანაზეა გათვლილი. გეზ-ი საქართველოს ხელისუფლების ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია. ის ათავისუფლებს იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბროკერების, დეკლარანტებისა და სხვა შუამავლების ძვირადღირებული მომსახურებებისგან ქვეყანაში შემოსატანი ტვირთის გაფორმების დროს. ამასთან, ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა ხუთი დღის განმავლობაში შეიძლება და დაახლოებით 250 ლარს შეადგენს, რაც აქამდე არსებულ ხარჯებზე სამი-ოთხჯერ ნაკლებია.