ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტი გაიმართა

ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტი გაიმართა

ბათუმში, პიაცას მოედანზე ლეგენდარული ესპანელი საოპერო ვარსკვლავის, პლასიდო დომინგოს კონცერტი გაიმართა.

მსოფლიო ვარსკვლავმა ცნობილ ქართველ საოპერო მომღერლებთან ერთად რამდენიმე ცნობილი არია შეასრულა. ასევე შეასრულა მეგრული "ნანა". პლასიდო დომინგომ მაყურებელი კონცერტის დასაწყისშივე გააოცა, როდესაც მან დირიჟორის ადგილი დაიკავა და "სევილიელი დალაქიდან" ერთ-ერთ არიას უდირიჟორა. არიას პაატა ბურჭულაძე ასრულებდა. მსოფლიო ვარსკვლავმა კარიერა სწორედ დირიჟორობიდან დაიწყო.

პლასიდო დომინგომ ბათუმის კონცერტისთვის, რომელიც მისივე სურვილით გაიმართა, საკუთარი გემოვნებით 6 ქართველი თანაშემსრულებელი შეარჩია. მათ შორის არიან ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და ეთერ ლამორისი-ჭყონია.

პიაცას მოედანზე გამართულ კონცერტს 2000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

კონცერტის დაწყებამდე საოპერო ვარსკვლავმა ბათუმის ოპერის შენობა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.

პლასიდო დომინგო მადრიდში დაიბადა. დაამთავრა მექსიკის ეროვნული კონსერვატორია. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმაში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა.

დომინგო ისრაელის და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ოპერის სცენაზე მოღვაწეობდა. ის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერია, მიღებული აქვს არაერთი ქვეყნის ორდენი და ტიტული.

2009 წელს პლასიდო დომინგო ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი გახდა.

თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ერთი წლის წინ პლასიდო დომინგოს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც გაიხსნა.