პატრიარქი ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმს გახსნის

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივითა და დაფინანსებით, დღეს, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ექვთიმე თაყაიშვილის ფონდიდან აცნობეს, მშობლიურ სოფელში დიდი ქართველი მამულიშვილის, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე ღვთისკაცის მუზეუმის გახსნას საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდა, სამღვდელოების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრებიან.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი 2003 წლის მაისში ბიზნესმენ ზაზა სიორიძის ინიციატივით დაფუძდა. ამავე წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ფონდის თაოსნობით თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის #6-ში, სადაც დიდმა მამულიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, წმ. ექვთიმე ღვთისკაცის ბინა-სამლოცველო გაიხსნა.
ფონდმა 2003 წლიდან ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია დააარსა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სასულიერო აკადემიის წარჩინებული სტუდენტებისათვის.
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლიდან "ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის" შექმნა და ფუნქციონირება ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრმა დაიწყო.
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და განხორციელდა ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის პროექტი - "შენდობით მომიხსენიე".
2005-2009 წლებში ფონდმა გურამ შარაძის წიგნი - "... ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი" გამოსცა. ასევე, დურმიშხან ცინცაძის წიგნი - `ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე."
2010 წელს ექვთიმე თაყაიშვილის "ბიბლიოგრაფია" გამოიცა.
ამჟამად, ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის მეშვებით ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის მშენებლობის დასრულება დიდი ქართველი ერისკაცის ღვაწლის მორიგ წარმოჩენასა და დაფასებას წარმოადგენს.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალი 16:00 საათზე დაიწყება.

























