დიმიტრი შაშკინმა გორის #7 სკოლაში მანდატურთა ჯგუფი წარადგინა

დიმიტრი შაშკინმა გორის #7 სკოლაში მანდატურთა ჯგუფი წარადგინა

განათლებისა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გორის №7 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, გორის №7 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები №2, № 3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11 და №12 სკოლებშიც შევიდნენ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან ასევე თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პოლიციის აკადემიაში. ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ.

სპეციალური ფორმითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი მანდატურები, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.