საპარლამენტო კომიტეტები დღეს ბიუჯეტს განიხილავენ

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დღეს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

საფინანსო დოკუმენტზე ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, აგრარულ, რეგიონალური თვითმმართველობების და გარემოს დაცვის კომიტეტები იმსჯელებენ.

მომავალი წლის ბიუჯეტი, პარლამენტში დაბრუნებული პროექტის თანახმად, 7 მილიარდ 088 მილიონი ლარი უნდა იყოს. პროექტი სესიაზე პარასკევს იქნება განხილული, რის შემდეგაც შენიშვნების გასათვალისწინებლად მთავრობას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.

საბოლოოდ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2010 წლის ბიუჯეტი 87.7 მილიონი ლარით იზრდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გააცნობს.