თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი .

საუბარია იმ სკოლების დირექტორებზე, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები გუშინ საღამოს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და რვავე მათგანი თანამდებობიდან დაითხოვეს.

ასევე, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, განათლების მინისტრის ზეპირი მითითება მიიღეს კერძო სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა. თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათ.

გარდა ამისა, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, რომ თუ მათი მოსწავლეების ორგანიზებით მსგავსი აქციები კიდევ ჩატარდება, ისინი თანამდებობებს დატოვებენ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასების მოსწავლეებმა გუშინ, საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც განათლების სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს. მოსწავლეებს მხარდაჭერა ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამაც გამოუცხადა.