გურამ ჩახვაძე - პენსიების ოდენობის განსაზღვრის პრეროგატივის მთავრობისთვის გადაცემა გამჭვირვალობის პროცესს შეაფერხებს

გურამ ჩახვაძე - პენსიების ოდენობის განსაზღვრის პრეროგატივის მთავრობისთვის გადაცემა გამჭვირვალობის პროცესს შეაფერხებს

"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ პენსიისა და დახმარებების ოდენობის განსაზღვრის პრეროგატივის მთავრობისთვის გადაცემა, გამჭვირვალობის პროცესს შეაფერხებს.…

როგორც გურამ ჩახვაძემ განაცხადა, ედპ თავად საპენსიო სისტემის უკმაყოფილოცაა და ახალი გადაწყვეტილება კიდევ უფრო უარყოფითი მოვლენაა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამჭვირვალობაც უდიდესი პრობლემაა და იმავდროულად, ართულებს საპარლამენტო კომიტეტებსა თუ სხდომაზე დებატებს, რაც თავის მხრივ მოსახლეობის ინფორმირებას ხელს უწყობს.

ამას გარდა, ჩახვაძეს ე.წ. გამოსავლად არ მიაჩნია ის გარემობა, რომ ბიუჯეტის პროექტში პენსიის ოდენობის შენარჩუნების ვალდებულებაა ჩადებული. მისი თქმით, ინფლაცია პენსიის ოდენობას პრაქტიკულად "ჭამს" და მოქალაქეები მოტყუებულები რჩებიან.

"თუკი ოდენობა არ მცირდება და ამას აცხადებს მთავრობა, იქვე უნდა იყოს მიწერილი, რომ მაშინ პენსიის გასაცემლები განიცდიან ზრდას იმდენი პროცენტით, რამდენითაც არის განსაზღვრული ინფლაცია", – განაცხადა ჩახვაძემ

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, პენსიისა და დახმარებების ოდენობები მთავრობის დასადგენი იქნება. აქამდე პენსიას და არაერთჯერად ფულად დახმარებებს საბიუჯეტო კანონი განსაზღვრავდა და, შესაბამისად, ყველა დახმარების ოდენობა ბიუჯეტით იყო განსაზღვრული.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.