ჯანდაცვის პროგრამებში მოსახლეობის თანადაფინანსების წესს მთავრობა განსაზღვრავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ღონისძიებებში მოსახლეობის თანადაფინანსების პრინციპებს მთავრობა დაადგენს.

ამის შესახებ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მარეგულირებელი ნორმების თავშია მითითებული.

აქამდეც, ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებში მოსახლეობის მიერ თანაგადახდის პრინციპის შემოღება დასაშვები იყო. თუმცა, თანაგადახდის წესი, ფორმა და მოცულობა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მტკიცდებოდა, მომავალი წლიდან კი ეს უფლებამოსილება მთავრობაზე გადავა.

შესაბამისად, მომავალ წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების, თანადაფინანსების, ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს, სამინისტროს ნაცვლად, მთავრობა განსაზღვრავს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლო პარასკევამდე უნდა დამტკიცდეს.