ოპოზიციური "რვიანი" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

"თავისუფალი დემოკრატების" ოფისში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციური "რვიანის" შეხვედრა დასრულდა . ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, რადგან მასში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაგან კიდევ ერთხელ მიიღეს დასტური მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობაზე.
"რესპუბლიკელების" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე რვავე პარტიამ ერთმნიშვნელოვნად გამოთქვა მზადყოფნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის. მათ ასევე ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. რაც შეეხება მოლაპარაკებათა პროცესის დაწყების დროსა და ადგილს, შეხვედრაზე ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.
როგორც "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა, პროცესი ძალიან მალე დაიწყება, მაგრამ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და, სავარაუდო, თარიღს არ დაასახელებს, რადგან, მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩართულ პარტიებს კარგად ესმით, რომ ხელისუფლებისთვის მათ მიერ შეთავაზებული ყველა წინადადება მისაღები არ იქნება, თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებაზე ზეწოლას გააძლიერებენ.
"ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზრდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს საერთაშორისო ვითარება, ანუ დაკვეთა საარჩევნო რეფორმაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი ოპოზიციის მხრიდან არ ჩავარდეს", - განაცხადა "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რვა ოპოზიციურ პარტიას შორის, რომლებიც ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შეცვლის თემაზე კონსულტაციებს გეგმავენ, არიან "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "ხალხის პარტია", "კონსერვატიული პარტია" და "რესპუბლიკური პარტია".

























