"ქრისტიან-დემოკრატები" გადასახადების ზრდის არა რეფერენდუმთან, არამედ მთავრობის უნდობლობასთან მიბმას ითხოვენ

"ქრისტიან-დემოკრატები" გადასახადების ზრდის არა რეფერენდუმთან, არამედ მთავრობის უნდობლობასთან მიბმას ითხოვენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" აღნიშნული მოთხოვნის შედეგად, პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი აღნიშნული მუხლის გარეშე უყარა. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, მომავალ მთავრობას გადასახადები მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით უნდა გაეზარდა. "ქრისტიან დემოკრატები" კი ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის და, შესაბამისად, მოითხოვეს, რომ გადასახადების ზრდა არა რეფერენდუმთან, არამედ მთავრობის უნდობლობასთან უნდა იყოს მიბმული.
კერძოდ, გადასახადების გაზრდის საკითხს მთავრობა რეფერენდუმის ნაცვლად, პარლამენტის წინაშე დააყენებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი მთავრობის ამ ინიციატივას ჩააგდებს, ავტომატურად დადგება მთავრობის უნდობლობის საკითხი.
ამ მოთხოვნაზე საპარლამენტო უმრავლესობას კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მათი მიზანია, მომავალში გადასახადების გაზრდა რთული იყოს, მექანიზმები კი უკვე შეთანხმების საგანია.
სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა "ქრისტიან-დემოკრატების" ამ მოსაზრებას გაიზიარებს, თუმცა უნდობლობის პროცესის დეტალებზე ჯერჯერობით არაფერი კონკრეტდება. კონსტიტუციით, რომელიც 2013 წლიდან უნდა ამოქმედდეს, პარლამენტს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ გართულებული აქვს. ამ შემთხვევაში, "ქრისტიან-დემოკრატები" ვარაუდობენ, რომ უნდობლობის გამოცხადების ყველა ეტაპის გავლა საჭირო არ უნდა იყოს და მთავრობის ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე უკვე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა უნდა დადგეს.

























