პრეზიდენტმა ოპერაცია "ენვერის" მონაწილეებს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა შსს-ში სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეებს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენები გადასცა.
პრეზიდენტმა მათ წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო თავს იცავს და კონფრონტაცია არავისთან სურს.
"ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციაა, რადგან ჩვენი ქვეყანა იმყოფება მუდმივი წნეხისა და არაოკუპირებულ ნაწილზე მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში. ვიცავთ თავს და ჩვენი მზვერავები არიან თავდაცვის პირველ ხაზზე. მინდა დიდი მადლობა გითხრათ და გისურვოთ შემდეგი წარმატებები საქართველოს მტრის მოქმედებების და ხრიკების შესაჩერებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ არავისთან გვსურს კონფრონტაცია, ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს", _ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სპეცოპერაციის მონაწილეებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოთხწლიანი ოპერაციის შედეგად, 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მათგან 4 პირი – არმენ გევორქიანი, რუბენ შიკოიანი, პეტრე დევრიშაძე და იური სკრილნიკოვი რუსეთის მოქალაქეა.

























