ასპინძაში "შოთაობა" აღინიშნება

ასპინძაში სახალხო დღესასწაული "შოთაობა" აღინიშნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის, თბილისის მერიის, საქართველოს მწერალთა კავშირის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აჭარის მწერალთა კავშირის წევრები.
"შოთაობის" საზეიმო გახსნის შემდეგ ანსაბლ "ერისიონის" კონცერტი გაიმართება.
კონცერტის შემდეგ კი, "ვეფხისტყაოსნიდან" სახალხო მთქმელები ნაწყვეტებს წაიკითხავენ, მოეწყობა სახალხო სეირნობა, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები (ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, მშვილდოსნობა), ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და ასპინძის სოფლებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ადათ-წესების ჩვენება.
სახალხო დღესასწაული "შოთაობა" 1996-1998 წლებში სოფელ რუსთავში ვეფხისტყაოსნის 800 წლისთავთან დაკავშირებით იმართებოდა. ბოლო 3 წელია, დღესასწაული სანდრა რულოვსის პატრონაჟით ტრადიციული გახდა.

























