იყალთოს აკადემიის აღდგენითი სამუშაოები ნიკა ვაჩეიშვილმა და ოსმან თურანმა დაათვალიერეს

იყალთოს აკადემიის აღდგენითი სამუშაოები ნიკა ვაჩეიშვილმა და ოსმან თურანმა დაათვალიერეს

იყალთოს აკადემიის აღდგენითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილმა და კომპანია "ჯეოსელის" ხელმძღვანელმა ოსმან თურანმა დაათვალიერეს.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში დღეს აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები 2008-2010 წლებში კომპანია "ჯეოსელის" მხარდაჭერით ტარდებოდა. პროექტის ფარგლებში გამაგრდა იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამივე ტაძრის სახურავები და ეზოს მისასვლელი; ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც სხვადასხვა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლები აღმოაჩინეს.

სამუშაოების ჩატარების პირველ ეტაპზე აღმოჩნდა სამონასტრო კომპლექსის სამი დამატებითი ტაძრის საკურთხეველი, ასევე ძირითადი ნაგებობები.

როგორც ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა, სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და "ჯეოსელის" მიერ მხარდაჭერილი პროგრამები ხელს შეუწყობს იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ბოლომდე ათვისებას და სამეცნიერო-კულტურული მნიშვნელობის გაგებას. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გამაგრება.

ამბა-ალავერდელის, მეუფე დავითის განმარტებით, არის საშიშროება, რომ მიწის მოწოლის გამო აკადემიის შენობის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრეს. იგეგმება ამ ნაწილის გამაგრება და მიწისგან გათავისუფლება.

კერძო კომპანიის და მონასტრის მხარდაჭერით მოხდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების კონსერვაცია, ასევე, მომავალში იგეგმება სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. როგორც ამბა-ალავერდელმა, მეუფე დავითმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაძლოა ამ ადგილას აღდგეს სამონასტრო ცხოვრება მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება.