თელავში "მაესტროსა" და "კავკასიის" ტრანსლირების განახლებას მოითხოვენ
დღეს თელავში მოქმედმა 9 პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ადგილობრივ საკაბელო ტელეკომპანია "გორდასთან" ბრიფინგი გამართეს და "მაესტროსა" და "კავკასიის" ტრანსლირების განახლება მოითხოვეს.
პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადებით მიმართეს "გორდას" ხელმძღვანელობას - "განმარტონ, რის გამო მოხდა ტელეკომპანიების მაესტროსა და კავკასიის ტრანსლირების შეწყვეტა".
"კონსერვატიული პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, "გორდა" ვალდებულია განცხადების საფუძველზე, 30 დღის ვადაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.
"ახალი მემარჯვენეების" თელავის ოფისის თავმჯდომარემ ნიკა ვარდოშვილმა ტელეკომპანიების ეთერიდან მოხსნის მთავარ მიზეზად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაასახელა.
"გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია "გორდაზე" ახორციელებს სერიოზულ ზეწოლას, რაც ბიზნესის დატერორების კიდევ ერთი გამოხატულებაა", - განაცხადა ოპოზიციონერმა.
ტელეკომპანია "გორდას" ხელმძღვანელის მოადგილე "მაესტროსა" და "კავკასიის" ეთერიდან გათიშვას ტექნიკური ხარვეზით ხსნის, თუმცა გიორგი მამუკელაშვილი ვერ აკონკრეტეს როდის მოხდება ტელეკომპანიების ტრანსლირების განახლება.
თელავის საკაბელო ტელევიზიას "გორდას", "მასტროსა" და კავკასიის" ტრანსლირება 29 სექტემბრიდან შეწყვეტილი აქვს.

























