გორის მემორიალის პროექტზე ექსპოზიცია-კონკურსი გაიხსნა

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საბჭოთა რეპრესიებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიდაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის ესკიზური პროექტების ღია კონკურსი გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 41 ესკიზი. ავტორთა ვინაობა გასაიდუმლოებულია, ჟიური გამარჯვებულებს ავტორებისთვის მინიჭებული კოდების მიხედვით გამოავლენს.
9-კაციან ჟიურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ხელმძღვანელობს.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის, გია ბუღაძის თქმით, ყველა ნამუშევრის პათოსი ერთი და იგივეა - ყველა გამოხატავს თავისუფლებისკენ სწრაფვას, თუმცა ჟიურის არჩევანის გაკეთება ტრადიციულ კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილ ნამუშევრებსა და პოსტმოდერნისტულ ინსტალაციებს შორის მოუწევს.
"მხოლოდ შიშველი შინაარსი არაფრის მომცემი იქნება. მთავარია, ფორმა და შინაარსი თანაბრად ესადაგებოდეს ამ მასშტაბური კონკურსის მიზანსა და იდეას", _ განაცხადა გია ბუღაძემ.
ექსპოზიცია სამხატვრო აკადემიაში თვის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული პროექტის ავტორი ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება. კონკურსის წესდების მიხედვით, გამარჯვებულ ავტორს ჯილდოდ 10 000 ლარი გადაეცემა.
მემორიალი გორის ცენტრში, იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად დაიდგმება.

























