"ქრისტიან–დემოკრატები" "ქუთგაზს" და სემეკს მოსახლეობისთვის დავალიანების უკანონო დარიცხვაში ადანაშაულებენ

"ქრისტიან–დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაცია კომპანია "ქუთგაზსა" და სემეკ-ს მოსახლეობისთვის დავალიანების უკანონო დარიცხვაში ადანაშაულებენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წარმომადგენელთა განცხადებით, ე. წ. ავტოქარხნის დასახლებაში, რამდენიმე ათეულ ოჯახს 2005 წლის დავალიანება დაარიცხეს, თუმცა მოსახლეობას დავალიანება უკვე გადახდილი აქვთ.

"ქრისტიან–დემოკრატების" წარმომადგენელის, დავით დვალის ინფორმაციით, მსგავსი დავალიანება რესტრუქტურიზაციას ექვემდებარება.

"საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 144–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებლო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, რომლის გასვლის შემდეგაც ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე", – აცხადებს დვალი.

მოსახლეობისათვის გაზგაყვანილობის ჩაჭრის შესახებ "ქუთგაზის" გადაწყვეტილება "ქრისტიან–დემოკრატებმა" მიმდინარე წლის ივლისში სემეკში გაასაჩივრეს, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, უკვე მესამე თვეა, მარეგულირებელ კომისიას განცხადებაზე პასუხი არ გაუცია.

"ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია მოუწოდებს სემეკ-ს, დროულად შეასრულოს თავისი მოვალეობა და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის დარიცხული დავალიანების განულების შესახებ.