რუსეთმა და სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და სოხუმის რეჟიმმა რუსეთ-აფხზეთის ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ "პრაიმ ტასი" იუწყება.

დოკუმენტის ხელმოწერა საინვესტიციო ფორუმზე "სოჭი 2010" შედგა. შეთანხმების მიხედვით, ე.წ. საზღვარზე მრავალმხრივი საავტომობილო, ქვეითთა, სატვირთო და სამგზავრო მუდმივი პუნქტი – ადლერი-ფსოუ გაიხსნება. ასევე, იგეგმება მუდმივი სარკინიგზო გამშვები პუნქტის - ადლერი-ფსოუს გახსნა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის განცხადებით, პუნქტები ერთი წლის შემდეგ სრულად იქნება აღჭურვილი.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საავიაციო მიმოსვლაზე საუბრისას კი, ივანოვმა აღნიშნა, რომ საამისოდ სოხუმში აეროპორტი უნდა აღდგეს.

"საჭიროა კარგი აეროპორტი, ახლა კი ასეთი აეროპორტი არ არის. სოხუმის აეროპორტის მშენებლობაში ინვესტიციის ჩადება ბევერ რუს ინვესტორს სურს, მაგრამ აფხაზური მხრიდან გარანტიებია საჭირო", - განაცხადა ივანოვმა.

საინვესტიციო ფორუმი "სოჭი 2010" 17 სექტემბერს გაიხსნა და 19 სექტემბერს დასრულდება.