არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ მარნეულში ჩავა.
დიმიტრი შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულის #3 საჯარო სკოლას ესტუმრება.
მინისტრი გუბერნატორთან ერთად #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალ მულტი ბილინგურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს.
პირველად საქართველოში არაქართველი მოსწავლეებისათვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35 პროცენტი ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ.
ბილინგური სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარება.
2010-11 აკადემიური წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი წიგნებით სულ 35.874 არაქართულენოვან მოსწავლეს უზრუნველყოფს.
ასევე არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ყველა მე-4 კლასის მოსწავლე ქართული როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ მიიღებს.
ქართული ენის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ინიციატივისათვის სახელმწიფომ 2010 წლისთვის 600 ათას ლარზე მეტი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და მის გამოყენებას სხვა არაქართულენოვანი მოსწავლეები შეძლებენ.
ხვალ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულის აზერბაიჯანულენოვან სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებს სწორედ ახალი ბილინგური სწავლების სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემენ.

























