ბოლნისში წიგნის პირველი მაღაზია "ბიბლუსი" გაიხსნა

ბოლნისში წიგნის პირველი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ფილიალის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ბოლნისის გამგეობის წარმომადგენლები და მწერალი რეზო ჭეიშვილი დაესწრნენ .
მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე ლენტი სწორედ მწერალმა რეზო ჭეიშვილმა გაჭრა, გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ კი ლენტი 6 წლის კახი ახვლედიანს გააჭრევინა.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს რაიონში პირველი წიგნის მაღაზიაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ბოლნისელი მკითხველისთვის ამ მაღაზიის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაიონში აქამდე წიგნის მაღაზია არ იყო და მოსახლეობას წიგნების შესაძენად რუსთავსა და თბილისში უწევდა წასვლა. შესანიშნავი გამოცემებია. ამ მაღაზიათა ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა მის დამფუძნებლებსა და მფლობელებს, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. წიგნიერი და განათლებული თაობების გარეშე, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან რთული იქნება, გავუძლოთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს გარშემოა", - განაცხადა კირკიტაძემ.
დღესვე მომხმარებლებს, რომლებმაც მაღაზიაში წიგნები შეიძინებს, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისგან" საჩუქრად დაგროვებითი ბარათები გადაეცათ. გარდა ამისა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა მომხმარებლებს საკუთარ წიგნზე ავტოგრაფები დაურიგა. რეზო ჭეიშვილის წიგნი, რომელიც ქართული პროზის საგანძურის მე-7 ტომია, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემაც შეიძინა.
დღესვე მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" ორი მრავალშვილიანი ოჯახის მჭედლიძეებისა და ასანიძეების ექვსშვილიანი და ხუთშვილიანი ოჯახები ქართული პროზის საგანძურის დღემდე გამოსული ყველა ტომით დააჯილდოვა. გარდა ამისა, მაღაზიათა ქსელისგან ჯილდო სოციალურად დაუცველ სომხურ და აზერბაიჯანულ ოჯახებს, ახმედოვებისა და ვანიანების ოჯახებსაც გადაეცათ. "ბიბლუსმა" ისინი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ნაკრებით დააჯილდოვა.
საქართველოს მასშტაბით ეს არის "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის მე-18 მაღაზია, რომელიც ბოლნისის გამგეობის გვერდით, სულხან-საბას ქ. #106-ში მდებარეობს. მომხმარებელს მაღაზიაში სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად, სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენაც შეუძლია.

























