"იმედი L"-მა ჩაქვში 20-ადგილიანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

"იმედი L"-მა ჩაქვში 20-ადგილიანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ი მრავალპროფილიანი საავადმყოფოების მშენებლობას აგრძელებს.

კომპანიის ინფორმაციით, "იმედი ელ"-მა აჭარის რეგიონში დღეს უკვე მეორე საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

დაბა ჩაქვში 20-ადგილიანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 2011 წლის ბოლოს გაიხსნება და ევროპული სტანდარტების აპარატურით აღიჭურვება.

მომავალი წლის ბოლოდან თანამედროვე კლინიკა, როგორც "იმედი L"-ში დაზღვეულ პირებს, ასევე, მთლიანად ჩაქვის მცხოვრებლებს მოემსახურება.

საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ი აჭარის რეგიონში 6 საავადმყოფოს ააშენებს და ერთდროულად 200-მდე პაციენტის ჰოსპიტალურ მკურნალობას უზრუნველყოფს. საავადმყოფოების მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.

"იმედი L"-ი 2011 წლის დეკემბერში აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სულ 10 მრავალპროფილურ კლინიკას გახსნის.

"იმედი L"-ი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სათავო ოფისისა და რეგიონული ფილიალების მეშვეობით 500 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ემსახურება.