გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმში დღეს პირველი საექსპოზიციო სივრცე გაიხსნება
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმში დღეს პირველი საექსპოზიციო სივრცე გაიხსნება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპოზიციას სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გახსნის.
საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი იქნება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები. დღესვე ნიკა ვაჩეიშვილი პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული განვითარების პრეზენტაციასაც გამართავს.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმი აჭარაში მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. მდინარე ჭოროხის შესართავთან აღმართული რომაული ციხე-სიმაგრე შედგება კონტრფორსებით გამაგრებული მძლავრი კედლების, საბრძოლო ბილიკებისა და ამბრაზურების, რომაული და ადრებიზანტიური ხანის მონუმენტური ნაგებობების (ყაზარმა, პრეტორიუმი...) ნაშთებისგან. ასევე, რომაულ აბანოს, წყალმომარაგების უძველესი სისტემის, XVI-XVII სს. ქარვასლის ფრაგმენტების, გვიანი შუასაუკუნეების გამოსაწვავი ქურების და სხვა ნაგებობებისგან.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს _ ძვ. წ. VIII-VII საუკუნიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია "გონიოს განძის"" სახელით ცნობილი ოქროს არტეფაქტები, რომლებიც ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშებს წარმოადგენს. გონიო-აფსაროსში აღმოჩენილი ნივთები ამ დრომდე დაცული იყო აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.

























