კახეთის სატყეო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
კახეთის რეგიონულ სატყეო სამმართველოს ხვალიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე ხვალ კახეთის რეგიონს ეწვევა, სადაც რეგიონული სატყეო სამმართველოს თანამშრომლებს ახალ ხელმძღვანელს გარსევან ბუხნიკაშვილს წარუდგენს.
რეგიონულ სატყეო სამმართველოს სპეციალური ინვენტარიც გადაეცემა, რომლითაც სატყეოს თანამშრომლები ისარგებლებენ. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ბრაკონიერების მიერ უკანონო ჭრის ფაქტების შემცირებას ხელს შეუწყობს.
სააგენტოს თავმჯდომარე ასევე რეგიონულ სამმართველოში არსებულ ვითარებას გაეცნობა. სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ სამმართველოებში რეინჯერთა შესარჩევად ახლო მომავალში კონკურსი იგეგმება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება. კერძოდ, ტესტირებასა და გასაუბრებაში. ორთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ წარმატებული კონკურსანტები შესაბამის რეგიონულ სამმართველოებში დასაქმდებიან.
რეგიონული სატყეო სამმართველოების შემოწმებას სააგენტოს თავმჯდომარე ეტაპობრივად განახორციელებს.

























