ბათუმის თოჯინების თეატრში ტრადიციული იაპონური თოჯინების შესახებ ლექცია ჩატარდება

იაპონიის საელჩო საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ბათუმში იაპონური კულტურის დღეებს იწყებს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაპონიის საელჩოდან აცნობეს, ბათუმში სამი კულტურული ღონისძიება გაიმართება.
იაპონური კულტურის დღეები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 20 აგვისტოს, 17:00 საათზე, "თიბისი" ბანკის გალერეაში ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით და ტრადიციული იაპონური თეატრის "ნო"-ს წარდგენით დაიწყება.
დღეს, 13:00 საათზე, ბათუმის თოჯინების თეატრში ტრადიციული იაპონური თოჯინების შესახებ ლექცია ჩატარდება, რასაც 16:00 საათზე აჭარის ხელოვნების მუზეუმში ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენის გახსნა მოჰყვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მასაიოში კამოჰარას მეუღლის ჯუნკო კამოჰარას კერძო კოლექცია.
გამოფენა 5 სექტემბრამდე გასტანს.
იაპონური კულტურული ღონისძიებები მოწყობილია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად, "თიბისი" ბანკის მხარდაჭერით.
ღონისძიებებს წარმოადგენენ სპეციალური სტუმრები იაპონიიდან - მიჩიკო უჩინო – ჩაის ცერემონიის ოსტატი, კეიკო საკურამა - "ნო"-ს სპეციალისტი და მიკა მორი – ტრადიციული იაპონური თოჯინების სპეციალისტი, რომლებიც მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.
იაპონიის საელჩო წელს კიდევ რამდენიმე კულტურული ღონიძიების ჩატარებას გეგმავს.

























