ფოთელები ამერიკული თეთრი პეპელის შემოსევას უჩივიან

ფოთელები ამერიკული თეთრი პეპელის შემოსევას უჩივიან

ფოთელები ამერიკული თეთრი პეპელის შემოსევას უჩივიან.

გარდა მწვანე საფარისა, პეპელა საცხოვრებელი სახლების კედლებზე დაცოცავს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

"ამ სიცხეში ვერც ფანჯრებს ვაღებთ და ბავშვების ეზოში ჩაყვანასაც ვერ ვახერხებთ. ყველგან მატლები დახოხავს, ასე ცხოვრება შეუძლებელია. ვითომ შეწამლეს, მაგრამ ქუჩაში რომ მანქანა გაივლის, ასე მაგათი მოსპობა შეუძლებელია. უფრო მეტი ყურადღება ჭირდება ამ საქმეს. გვითხრეს, რომ აბლაბუდიანი ტოტები დავაჭრათ ხეებს და დავწვათ. ამდენი თუ ვჭერით ეს ტოტები ხეებს, რა მატლებს გაუხმია და რა - ჩვენ. ვინმემ მაინც მოგვაქციოს ყურადღება",-ამბობს ახალი სოფლის უბნის მოსახლეობა.

სპეციალისტების განმარტებით კი, აბლაბუდიანი ტოტების მოჭრა და დაწვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას.

ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. აზიანებს 300-მდე სახეობის მცენარეს.

ამერიკული თეთრი პეპელა დასავლეთ საქართველოს რაიონებშია გავრცელებული და პრობლემას უქმნის, როგორც მწვანე ნარგავებს, ისე - მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქიმიური ღონისძიებების ჩატარება 24 ივნისიდან მიმდინარეობს და ფოთში 200 ჰა ფართობი დამუშავდება.

მავნებელი პირველად 1976 წელს სამტრედიის რაიონში აღინიშნა.