სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა შენდება

სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა შენდება.
დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თოდუამ დაათვალიერეს.
სოფელ მლეთაში სკოლის მშენებლობა ივნისის თვეში დაიწყო, სკოლა ექსპლუატაციაში 31 აგვისტოს შევა. ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით სკოლა ხის მასალისგან შენდება, რაც საუკეთესო თერმოიზოლაციის საშუალებას იძლევა. ოთხმოც მოსწავლეზე გათვალისწინებულ თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ასევე იქნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი და კომპიუტერული კლასი.
~რეფორმების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. მოსწავლეს, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს~, - განაცხადა სეფერთელაძემ.
სოფელ მლეთაში ახალი სკოლის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძველი, მე-19 საუკუნის სკოლის შენობა, ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. მლეთაში მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა და მას პატრონაჟს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი უწევს.
ამ დროისთვის მლეთის სკოლის გარდა საქართველოს მასშტაბით კიდევ ათი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის ექვსი სკოლის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ასევე მიმდინარეობს სამასი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლების რებილიტაცია ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.

























