ირაკლი სესიაშვილი - "C-300" ტიპის სისტემების განლაგება მიუთითებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე არ ფიქრობს

ირაკლი სესიაშვილი - "C-300" ტიპის სისტემების განლაგება მიუთითებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე არ ფიქრობს

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე "C-300" ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება მიუთითებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე არ ფიქრობს.

როგორც ექსპერტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე სისტემა რუსულ თავდაცვით შეიარაღებაში, რომელიც აღჭურვილია რადარებით და შესაძლებლობით, დიდ მანძილზე გაანადგუროს საფრენი აპარატები.

"რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულაც არ ფიქრობს ამ ტერიტორიების დატოვებაზე. ეს ჩვენთვისაც და დასავლეთისთვისაც ძალიან ცუდი მომენტია, რადგან რუსეთი მკვიდრდება ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო პოლიტიკური მოთამაშე", - განაცხადა სესიაშვილმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე "C-300" ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საშუალებების მოვალეობაში არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაცვა შედის, არამედ სახელმწიფო საზღვრების დარღვევის ფაქტების აღკვეთაც.

"ამ ტერიტორიების საჰაერო სივრცეში უკანონოდ შესული ნებისმიერი საფრენი აპარატი დაუყოვნებლივ განადგურდება, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი", - განაცხადა ზელინმა.