იაპონიის მთავრობამ მარნეულის რაიონის სოფელ ახლო-ლალოს სკოლის რეაბილიტაციისთვის 74 893 აშშ დოლარი გამოყო

იაპონიის მთავრობამ "გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების" პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლო-ლალოს სკოლის რეაბილიტაციისთვის 74 893 აშშ დოლარი გამოყო .

საქართველოს იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტის საგრანტო კონტრაქტს ხელი მოეწერა 2009 წლის 26 ნოემბერს იაპონიის საელჩოსა და ეთნიკურ და კონფესიური ურთიერთობათა ცენტრ "შერიგებას" შორის. პროექტის მიზანია სკოლის შენობის რეაბილიტაციით გააუმჯობესოს ბავშვების სასწავლო პირობები.

"გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამა" 1998 წელს დაიწყო. დღეისთვის საქართველოში დაფინანსებულია 6 987 354 აშშ დოლარის ღირებულების 94 პროექტი. სულ იაპონიის ოფიციალური განვთარების დახმარების ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყო 342,9 მლნ აშშ დოლარი ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სექტორი, სოციალური სექტორი, კულტურული სფერო და ადამიანთა რესურსების განვითარება.