მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" 9-10 აგვისტოს გორში ღონისძიებებს გამართავს
მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" 9-10 აგვისტოს გორში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.
ღონისძიებები პროექტის - "შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" ფარგლებში ჩატარდება. გორის ცენტრალური მოედნიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალამდე მოეწყობა ახალგაზრდების სამშვიდობო მსვლელობა "ერთად მშვიდობისთვის".
სასტუმრო "ვიქტორიაში" გაიმართება ინტელექტუალური ღონისძიება "რა, სად, როდის". ინტელექტუალურ თამაშს საქართველოს ინტელექტუალთა კლუბის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე წარუძღვება, ხოლო მონაწილეობას პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდები მიიღებენ რეგიონის ბუფერული ზონის სოფლებიდან და დევნილთა ჩასახლებებიდან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება სპორტული ღონისძიება "ფეხბურთი, როგორც ინტეგრაციის და ურთიერთპატივისცემის საშუალება". საფეხბურთო მატჩი გორში, პროკურატურის შენობის მიმდებარე სტადიონზე შედგება.
გორში, სასტუმრო "ვიქტორიაში" გაიმართება ასევე ახალგაზრდული ფორუმი: "შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის". ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და იმსჯელებენ შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და მათი ეფექტურად გადაწყვეტის გზებზე.

























