დაკარგული ბავშვების მოსაძებნად ჩეჩნური მხარე ქართველებს დახმარებაზე უარს ეუბნება

დაკარგული ბავშვების მოსაძებნად ჩეჩნური მხარე ქართველებს დახმარებაზე უარს ეუბნება

მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის დროს დაკარგული ბავშვების მოსაძებნად ჩეჩნური მხარე ქართულ მხარეს დახმარებაზე უარს ეუბნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ჩეჩნური მხარე ქართველების დახმარებაზე უარს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამბობს. მათივე ინფორმაციით, მდინარე არღუნი უსწრაფესი მდინარეა, რომელიც ჩეჩნეთში ჩაედინება. 2008 წლის შემდეგ ამ მდინარეში 3 ადამიანი დაიხრჩო, თუმცა ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა. მაშინ, როცა აგვისტოს ომამდე ჩეჩნური მხარე ქართველებს დაღუპულების პოვნაში დახმარებას უწევდა.

არსებული ინფორმაციით, მუცოს ხეობაში მომხდარი ტრაგედიისას დაკარგული ბავშვების მოძებნაში დახმარება მაშველებმა ჩეჩნურ მხარეს სთხოვეს, თუმცა მათ მაშველებს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამივე მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 წლის დემეტრე დაიაურსა და 4 თვის მამუკა არაბულს. გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.

თავად გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი, დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.