ბათუმი ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტურ ფესტივალ "ერისხმა"-ს უმასპინძლებს

ბათუმი 2-4 აგვისტოს ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ ფესტივალ "ერისხმა"-ს უმასპინძლებს .
როგორც `ინტერპრესნიუსს~ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სტუდენტური ფესტივალი მათი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ტარდება.
"ერისხმა 2010"-ში თბილისის 12 და 6 რეგიონული უნივერსიტეტი 700 სტუდენტით მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მიზანი, ახალგაზრდებში ქართული ხალხური ფოლკლორისა და კულტურის წარმოჩენა, პოპულარიზება და ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენაა.
ფესტივალის პარტნიორია ქალაქ თბილისისა და ბათუმის მერია, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამინისტრო. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება. შარშან მასში 16 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღო მონაწილეობა.
სტუდენტური ფესტივალის შესახებ დღეს თსუ-ში თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. პრესკონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ავალიანი დაესწრებიან.

























