ბერნარ კუშნერი - საფრანგეთს 12 აგვისტოს შეთანხმება გვერდზე არ გადაუდია

ბერნარ კუშნერი - საფრანგეთს 12 აგვისტოს შეთანხმება გვერდზე არ გადაუდია

ბერნარ კუშნერის განცხადებით, საფრანგეთს 12 აგვისტოს შეთანხმება გვერდზე არ გადაუდია .

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს "ევროპის სახლში" დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც დღეს, თემაზე - ~ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები~ დიალოგი გაიმართა.

~არ იფიქროთ, რომ დაგვავიწყდა საქართველო – ეს არასდროს მოხდება. ჩვენ არასდროს გადავდებთ გვერდზე 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ უნდა გავყვეთ ნელ და რთულ გზას. ამ პრობლემის მოგვარებას მრავალი წელი დასჭირდება~, - განაცხადა კუშნერმა.

~მე აქ ჩამოვედი 2008 წლის აგვისტოში იმისათვის, რომ ომი შემეჩერებინა. თქვენ გაგიმართლათ, რომ იმ დროს ევროკავშირს საფრანგეთი თავმჯდომარეობდა. პრეზიდენტი სარკოზი ~სწრაფი ბიჭია~. ის მალე ჩაერთო კონფლიქტში და რუსული არმიის თბილისში შემოსვლა შეაჩერა. არადა ეს გარდაუვალი იყო~, - განაცხადა კუშნერმა.

მისივე თქმით, სწორედ საფრანგეთის ძალისხმევით შედგა 6-პუნქტიანი დოკუმენტი.

~ჯერ ეს შეთანხმება არ შესრულებულა, მაგრამ ის დღის წესრიგში დგას. თქვენ უნდა მოითმინოთ. ჩვენ ჯიუტად ვდგევართ ჩვენს გზაზე და მოვითხოვთ რუსული არმია დაუბრუნდეს 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს, ასევე ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა შევიდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში~, - განაცხადა კუშნერმა.

მისივე თქმით, ორი წელი ძალიან ცოტა დროა ასეთი კონფლიქტის მოსაგვარებლად.