თელავში საბალეტო სკოლა გაიხსნა

თელავში საბალეტო სკოლა გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საბალეტო დასიდან აცნობეს, სკოლაში ხუთიდან - ათ წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან. საბალეტო ხელოვნებას მოზარდებს თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტი ცისია ჩოლოყაშვილი შეასწავლის.

ამჟამად სკოლაში 21 ბავშვი სწავლობს. მოსწავლეთა ნაკადი ორ ჯგუფადაა გაყოფილი. მეცადინეობა კვირაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მოზარდები საბალეტო ხელოვნებას და სხვადასხვა ქვეყნების ქორეოგრაფიულ ცეკვებს შეისწავლიან.

სკოლა ფონდ "ახალი სიცოცხლის" ბაზაზე გაიხსნა და კახეთში საბალეტო ხელოვნების შემსწავლელი პირველი სკოლაა.