ბათუმში ხვალ ქორეოგრაფიაში მასტერკლასების დახურვის ცერემონია გაიმართება

"თიბისი" ბანკის ბათუმის ფილიალის საგამოფენო დარბაზში ხვალ, 20:00-ზე ქორეოგრაფიაში მასტერკლასების დახურვის ცერემონია გაიმართება. ამის შესხებ "ინტერპრესნიუსს" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს.

ხვალვე გაიმართება ავთანდილ თათარაძის წიგნის - "ქართული ხალხური ცეკვა" - პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით. კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი. რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად ქვეყნდება.

"ქართული ხალხური ცეკვა" სქელტანიანი კრებულია და 400 გვერდს მოიცავს. წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.

მასტერკლასის მონაწილე ქორეოგრაფებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება.

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სხვადასხვა საკითხსა და პრობლემებზე მოხსენებები წაიკითხეს უჩა დვალიშვილმა, თამარ მუნჯიშვილმა, მანანა ცინცაძემ, ნანა ვალიშვილმა, გიორგი ალიმბარაშვილმა, ლევან ალიაშვილმა, ბაქარ ხინთიბიძემ, რეზო ჭანიშვილმა, სოფო კიკაბიძემ და ანა ღვინიაშვილმა.

დისკუსიებში მონაწილეობდნენ და მასტერკლასების მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა ქორეოგრაფებმა. მასტერკლასებს ქორეოგრაფი და ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი ხელმძღვანელობს.

კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში ქორეოგრაფიაში მასტერკლასები 7 ივლისიდან მიმდინარეობდა.