ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმერ ვახანიას სასჯელი შეუმსუბუქა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვლადიმერ ვახანიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.
ამავე სასამართლოს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოლეგიამ დადასტურებულად სცნო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულები – ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმერ ვახანიამ 2009 წლის 13 თებერვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას". მოგვიანებით რესპონდენტმა ჩანაწერის გავრცელება გადაიფიქრა და ინტერვიუს ამსახველი აუდიოკასეტა ჟურნალისტს ძალადობის მუქარით დაათმობინა. Mმას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გახმაურდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვნენ. ვახანიას სახლში ჩხრეკის შედეგად პოლიციამ არა მხოლოდ აუდიოკასეტა, არამედ საძინებელ ოთახში დამალული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. სასჯელის ნაწილში კი, მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება შეიტანა.
"სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალის ხასიათსა და ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (ვლადიმერ ვახანია ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა), ოჯახურ მდგომარეობას. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ასევე, სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია ვლადიმერ ვახანიასთვის სსკ-ს 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება 6 თვის ვადით", - აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში.
ვლადიმერ ვახანიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

























