საკონსტიტუციო პროექტი რუსთავშიც განიხილეს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი და "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე დღეს რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, ძირითადი ყურადღება კი, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე თავის დამატებას დაეთმო.
"დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი გასვლითი შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრას, ძირითადად, ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. მათ უნდა იცოდნენ, როგორია მომავალი კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ჩვენი შეხვედრის მეორე მიზანი არის მათი აზრის მოსმენა ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან კონსტიტუცია ქმედითი მაშინ არის, როდესაც მასში ცვლილებების შემუშავებისას გარკვეული რეკომენდაციები ხალხისგან მოდის და კონსტიტუცია ხალხის ნებაზე დაყრდნობით არის მიღებული", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.
საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა გუშინ გორში გამართეს შეხვედრა, ხვალ კი გარდაბანში ჩავლენ.

























