საქართველოში ხვალ თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ცენტრი გაიხსნება

საქართველოში ხვალ თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისიდან აცნობეს.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ოფიციალური ინაუგურაცია ხვალ, 13:00 საათზე, სოფელ მარტყოფში შედგება. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 თავშესაფრის მაძიებელი შემოდის. აქვე აღნიშნავენ, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა დაეარსებინათ მუდმივი მიმღები და დასაბინავებელი ცენტრი.

ამ მიზნით მოხდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოყოფილი შენობის რეაბილიტაცია სოფელ მარტყოფში, თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ში. პროექტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 616,667 ლარი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი ევროკავშირმა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა.

ახალ ცენტრს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პირობები მარტოხელა მამაკაცების, მარტოხელა ქალების და ოჯახების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, შეუძლია მიიღოს 60-მდე თავშესაფრის მაძიებელი.

ცენტრში ხელმისაწვდომია სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის სამრეცხაო, ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი, სამზარეულოები, საერთო ოთახი, ადგილი ბავშვებისა და დასვენებისათვის, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი. ცენტრის მუშაობას უხელმძღვანელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი უზრუნველყოფს შესაბამის ტრეინინგებს ცენტრში მომუშავე პერსონალისათვის.