ჟენევაში ხვალ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი გაიმართება

ჟენევაში ხვალ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო – მე-11 რაუნდი გაიმართება.
ხვალინდელ შეხვედრაზე ქართული მხარე კონფლიქტის ზონებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხს დააყენებს და ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟენევაში გამგზავრებამდე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ განაცხადა.
~ყველაზე მწვავე საკითხი არის ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავება საოკუპაციო რეჟიმის მიერ და ასევე ის, რომ მიუხედავად ჩვენი კეთილი ნებისა, გრძელდება მუდმივი ტერორი საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონებში ცხოვრობენ და მიმდებარედ გადაადგილდებიან, ეს განსაკუთრებით გალის რაიონს ეხება~, - განაცხადა ბოკერიამ.
სოხუმის რეჟიმი კი აპირებს, ჟენევაში გალის რაიონში ბოლო ხანს მომხდარი მკვლელობების საკითხი წამოსწიოს, რომლებსაც აფხაზური მხარე ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებულ ტერაქტებად აფასებს.
ცხინვალის რეჟიმი გეგმავს, მომდევნო რაუნდზე ქართული მხარის მიერ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების დაცვის, ასევე, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების საკითხის დაყენებას. ოსური მხარე ასევე წამოსწევს ჰუმანიტარული ხასიათის, "გატაცებული" ოსი მოქალაქეების და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საკითხებს.
ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკითხის დაყენებას აპირებს რუსული მხარეც.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ევროკავშირის წარმომადგენელი პიერ მორელი, გაერო-ს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს წარმომადგენელი ბოლატ ნურგალიევი თანათავმჯდომარეობენ. ისინი მე-11 რაუნდის წინ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების წინა რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

























