ვარძიაში 5-6 ივნისს სათავგადასავლო სპორტული ტურნირი მოეწყობა

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია(GTA) 5-6 ივნისს ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ვარძიის სათავგადასავლო ტურნირ 2010-ს" მართავს.

ტურნირში ოცი (20) 6 კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო შეჯიბრება 3 დისციპლინაში სირბილში, ველორბოლასა და ჯომარდობაში გაიმართება. ჯგუფში 6 მონაწილეა (აქედან 3 ადამიანი სირბილში მიიღებს მონაწილეობას, 3 ველო რბოლაში და ბოლოს ექვსივე ჯომარდობაში).

გამარჯვებული გუნდები სპორტული მაღაზიების ფულადი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი) I ადგილი: 3000 ლარის ვაუჩერი, II ადგილი: 2000 ლარის ვაუჩერი, III ადგილი: 1000 ლარის ვაუჩერი.

სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ისეთი ტურისტული სეგმენტის განვითარებას, როგორიცაა საფეხმავლო, ველო ტურები და ჯომარდობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობები:

1. ძირითადი შეჯიბრი- ტრიატლონი (სირბილი, ველო-რბოლა, რაფტინგი),

2. გასართობი ღონისძიება- მწვადის საღამო მუსიკის თანხლებით,

3. შეჯიბრი მკლავჭიდში,

4. ლუდის ფესტივალი,

5. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია,

6. ტურნირის მონაწილეთა და ჟურნალისტების უფასო ჯომარდობა მტკვარზე,

7. ტურნირის დასრულების შემდეგ პირველად საქართველოში- 2 დღიანი ჯომარდობა

ვარძიიდან თბილისამდე.

გარდა ამისა, მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოეწყობა ვარძიის კომპლექსის უფასო დათვალიერება, რაც ასევე მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ორგანიზატორების განცხადებით პროექტი ,,ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი" რეგიონალური ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას.

ტურნირს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის ყოველ წელს გაიმართება.