ბოლნისის რაიონში ღორის ჯერჯერობით უცნობი დაავადებაა გავრცელებული
ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში ღორის ჯერჯერობით უცნობი დაავადებაა გავრცელებული. რატევანში პრაქტიკულად ოჯახი აღარ დარჩა შინაური ცხოველი რომ არ დახოცოდა.
ადგილობრივთა განცხადებით,; დაავადების სიმპტომები ე.წ. ღორის ჭირის მსგავსია, თუმცა გარკვეულ წილად აფრიკულ ციებ-ცხელებასაც გავს, რომელმაც რატევანში; 2 წლის წინ მოსახლეობას შინაური ცხოველები მთლიანად გაუნადგურა.
რატევანში უცნობი დაავადების შედეგად დახოცილი ღორების რიცხვმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ასეულს მიაღწია. ადგილობრივები შესაბამისი სამსახურებისაგან დახმარებას ითხოვენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მათი შემოსავლების ერთადერთი წყარო სწორედ მეცხოველეობაა.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში ე. წ. ღორის აფრიკული ციებ-ცხელების გავრცელებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, მოსახლეობას მათთვის ღორის დაავადების გავრცელების თაობაზე არ მიუმართავს.
დღეიდან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ბოლნისის სამსახურმა სოფელ რატევანში სპეციალური სინჯების აღება დაიწყო. აღნიშნული სამსახურის უფროსის შავლეგ მანდარიას განცხადებით, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად გახდება ცნობილი, თუ რა გახდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში ღორების მასიური დახოცვის მიზეზი.

























