"ლეიბორისტები" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ

"საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს.

;როგორც ‘’ლეიბორისტული პარტიის’’ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ‘’ინტერპრესნიუსს’’ განუცხადა, სამივე კანდიდატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა, მხოლოდ მისთვის და მისი გუნდისთვის მისაღები პირები არიან და ნებისმიერი მათგანის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ისევე გაყალბდება, როგორც აქამდე ყალბდებოდა. ‘’სააკაშვილს განზრახული აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სათავეში ისევ ცნობილი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი, ან რომელიმე მისი ტრადიციის გამგრძელებელი ჩაუყენოს თან ისე, რომ საბოლოოდ ის ოპოზიციის მიერ არჩეულ კანდიდატად მონათლოს. ჩვენ არ ვაპირებთ მას ამ გეგმების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ, შესაბამისად სააკაშვილის მიერ დასახელებულ არც ერთ კანდიდატს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ’’, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა დღეს ლევან თარხნიშვილი, ოთარ სიჭინავა და ზურაბ ხარატიშვილი დაასახელა.

წარდგინება უკვე გადაეცა კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 14 იანვრამდე ერთ-ერთ მათგანზე არჩევანი უნდა შეაჩერონ. თუ ვერც ერთი მათგანი ფარული კენჭისყრისას ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და 21 დეკემბრამდე დეპუტატები წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს თავმჯდომარედ აირჩევენ.