გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება

გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება.

;გაზეთი Frankfurter Allgemeine ქუთაისის ტრაგედიას მცირე სტატიას უძღვნის სათაურით - “უაზრო პროვოკაცია”, რომლის ქართულ ვერსიასაც ვებპორტალი “ფორინპრესი” აქვეყნებს.

;სტატიაში ნათქვამია, რომ ქუთაისში საბჭოთა მონუმენტის დანგრევა, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა, “უაზრო პროვოკაცია იყო”, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა.

თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა განსხვავდება ესტონეთის მოვლენებისგან, როდესაც ტალინის ცენტრიდან 2007 წლის მაისში ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება გარეუბანში გადაიტანეს.

“მაშინ ესტონეთის მთავრობამ რეაგირება იმაზე მოახდინა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი დემონსტრანტები ქანდაკების გადატანას აპროტესტებდნენ. ქანდაკებას ესტონელები 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოდ აღიქვამდნენ, მაგრამ ქანდაკება არავის დაუნგრევია. მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს სასაფლაოზე. ქუთაისის ძეგლის შემთხვევა კი, განსხვავებულია. ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 000 ათას ქართველს ეძღვნებოდა, რომლებიც მაშინ საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, არადამაჯერებლია”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ძეგლის დანგრევა “მოსკოვის წაქეზების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს”.