ზაალ სამადაშვილი ხვალ წარჩინებულ მოსწავლეებს მედლებითა და კომპიუტერებით დააჯილდოებს

საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ხვალ გლდანი - ნაძალადევის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლებითა და კომპიუტერებით დააჯილდოებს.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება 136-ე საჯარო სკოლაში გაიმართება და მას თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად გლდანი-ნაძალადევის გამგეობის, ასევე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გრძელდება. დიდუბე – ჩუღურეთის რაიონის სკოლების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 136-ე საჯარო სკოლას ეწვევა და გლდანი - ნაძალადევის რაიონში არსებული 15 სკოლის; წარჩინებულ 57 კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოებს.; საპრეზიდენტო პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში, კი ამავე სკოლების მეათე კლასის 56 წარჩინებული მოსწავლე საჩუქრად პორტატულ კომპიუტერს მიიღებს.

ხვალვე ზაალ სამადაშვილი სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება.;

საკრებულოს თავმჯდომარე პედაგოგებს 2010 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დახვეწისთვის გათვალისწინებულ მიმართულებებსაც წარუდგენს. `ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ვაუჩერები მასწავლებლებს, სამედიცინო დაზღვევა და ხელფასების მომატება - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც ქალაქის მინიციპალიტეტის ბიუჯეტში პირველ რიგში იქნება გათვალისწინებული~, - აცხადებენ საკრებულოში.

უკვე ცნობილია, რომ 2009 წელს პედაგოგებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ხელფასი საშუალოდ 32 ლარით, ხოლო კლასის დამრიგებლებს 62 ლარით გაეზარდათ. პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგები კი ყოველთვიურად დამატებით 200 ლარს იღებენ.

2010 წლიდან; თბილისის მერიის მიერ პედაგოგებისათვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადის ასანაზღაურებელი 100 ლარიანი ვაუჩერის გადაცემაა დაგეგმილი.